09 აგვისტო 2026,   09:26
ვრცლად
საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი - რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველომ "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალს უმასპინძლა

"მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11 მინისტერიალი საქართველომ გახსნა. ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებს სამომავლო პროექტებთან ერთად ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები გააცნო. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ფორმატი ქვეყნის ტრანზიტულ და ლოჯისტიკურ ფუნქციას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. საქართველო კი გახდება ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს.

მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნა - ეს ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვაა. "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" ფორმატში მხარეებმა ისეთ პროექტებზე ისაუბრეს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. განიხილეს შეთანხმების ფარგლებში ერთობლივად შექმნილი საწარმოს საქმიანობის ანგარიში და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ და დელეგაციებთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს უნგრეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და ენერგეტიკის უწყებების ხელმძღვანელებმა. მათ საერთო ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მინისტერიალის მოსალოდნელ შედეგებზე ექსპერტებიც საუბრობენ. მათი შეფასებით, საქართველო სატრანსპორტო, ეკონომიკური და ფინანსური მიმართულების გარდა, ხდება რეგიონული ცენტრი ეკოლოგიისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ.

სტრატეგიული პარტნიორობა, სექტორული ინტეგრაცია, პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა - თბილისში გამართულ მეთერთმეტე მინისტერიალს კოლეგა დიპლომატებთან ერთად ბულგარეთის ელჩი, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დღის ამბები