ფონიჭალის დასახლება, დილის ექვსი საათი, - სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცის სახლში შევიდნენ, ხელბორკლები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მანამდე კი ახალგაზრდა მამაკაცს ბრალის დადგენილება გააცნეს. ირკვევა, რომ მას გამოძიება ნარკოტიკის რეალიზაციას ედავება. "კურიერმა" მის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალები გაარკვია. სახლის ჩხრეკისას ჰეროინია ამოღებული.
ფონიჭალაში სპეცრაზმი ერთდროულად რამდენიმე მისამართზეც იყო მობილიზებული.
ერთ-ერთ მისამართზე, კარის გასაღებად, სპეცრაზმმა სპეციალური მოწყობილობები გამოიყენა. "კურიერის" ინფორმაციით, დასაკავებელი პირი სამართალდამცველების მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. დაკავებულია 50 პირი - მათი უმეტესობა რეალიზატორია.
ნარკოტიკის რეალიზაციისთვის საკუთარ სახლიდან აიყვანეს ახალგაზრდა ქალი. "კურიერმა" გაარკვია, რომ პოლიცია თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე იყო მობილიზებული. დაკავებულია 34 წლის მარტა ნაბოევი, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი.
"კურიერის" ინფორმაციით, 34 წლის ნაბოევის სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ამოიღეს. ახალგაზრდა ქალის დაკავებამდე, სამართალდამცველებმა მის საქმეზე ფარული საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარეს. კადრებში, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სავარაუდოდ, სწორედ ნაბოევი ჩანს - ის ნარკოტიკულ საშუალებას კლიენტს ავტომობილში აწვდის.
ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს ისიც, თუ რა მეთოდებით მოქმედებდნენ რეალიზატორები. ნარკოდანაშაულის კონკრეტული ფაქტები რამდენიმე წუთიან მასალაშიც ჩანს - ნარკოტიკს ყიდდნენ ქუჩაში, ავტომობილებში, სახლებსა და სადარბაზოებში.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავების ღონისძიებები, თბილისის გარდა, პარალელურად მიმდინარეობდა რეგიონებშიც.
"კურიერის" ინფორმაციით, ბათუმში პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე. 30 წლამდე მამაკაცები სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, გადაამოწმეს და ჯიბიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, სავარაუდოდ, ე.წ. ფაქტის სამალავებში დადებას აპირებდნენ.
უკვე გაყიდული ნარკოტიკი და თანხა ამოიღეს დედოფლისწყაროში. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეცოპერაციის ფარგლებში, ნარკოდანაშაულისთვის 5 რეალიზატორი დააკავეს.
რას ამბობენ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები წარდგენილ ბრალზე, ამ ეტაპზე, უცნობია - ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი პოზიციას საერთოდ არ ასაჯაროებს.
50 პირის საქმეზე გრძელდება გამოკითხვები და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება. შინაგან საქმეთა სამინისტროში მასშტაბურ სპეცოპერაციაზე დღეს ბრიფინგიც ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ საპოლიციო ღონისძიებების დეტალები განმარტა.
ფარული კადრები, გამოკითხვის ოქმები, ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკი და დაფასოებისთვის საჭირო მასალები - ნივთმტკიცების სახით, ნარკოდანაშაულის საქმეში უკვე დევს.
დაკავებულების საქმეზე უახლოეს საათებში უკვე სასამართლო იმსჯელებს.