აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ ნოემბრის აქციის დროს, მონაწილეებს შორის რაციებით საუბარი ისმის - "კურიერის" მიერ მოპოვებული ერთ-ერთ მტკიცებულებით, რომელიც რვა ოპოზიციონერის საქმეში დევს, დასტურდება, რომ პარლამენტთან მიმდინარე დემონსტრაციის დროს, მონაწილეები კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
მრავალტომიან საქმეში დევს აუდიოჩანაწერებიც, რომლებშიც ელენე ხოშტარიასა და ზურა გირჩი ჯაფარიძის ხმა ისმის. ოპოზიციონერი ლიდერები სავარაუდოდ სატელეფონო საუბრისას, სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, ქვეყნის ღალატზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩანაწერებით კიდეთ ერთხელ დასტურდება, ის რაზეც მმართველი გუნდი უკვე დიდი ხანია საუბრობს, რომ ოპონენტებისა და მათი დამფინანსებლების ერთადერთი მიზანი, საქართველოში რევოლუციური პროცესების მოწყობა იყო.
საქმის მასალებს შორის არის ოპოზიციონერების სატელევიზიო განცხადებებიც, რომლებიც სანქციების მოთხოვნას ეხება. ხელისუფლების ოპონენტები გასულ წლებში საქართველოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლასა და მხარდაჭერაშიც ადანაშაულებდნენ.
ამ განცხადებების ავტორების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ 6 პირის მიმართ მიმდინარეობს. ბრალდებულების პირველი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდათ, უკვე პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შემთხვევაში, მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა.
პროკურატურის ინფორმაციის არ სჯერა ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რაც ამ საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებითაც დასტურდება. გასულ წლის აქციები კი არა სპონტანური, არამედ წინასწარ დაგეგმილი იყო.
საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეს 3 უწყება იძიებს, ამ დროისთვის განსასჯელის სკამზე 8 ოპოზიციონერი ლიდერი ზის.
ავტორი: ნანა გოგატაძე.