"ალტერნატივა გერმანიისთვის" საკუთარ მთავრობას ამჯერად პასუხს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით სთხოვს. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პარტია ითხოვს ინფორმაციას ორგანიზაციებზე, რომლებსაც 2020 წლის შემდეგ გერმანიის მთავრობა პირდაპირ ან ირიბად უჭერდა მხარს. დეპუტატებს აინტერესებთ, რა მიზნებს ემსახურებოდა საქართველოში ეს დახმარება, კონკრეტულად რა ოდენობის თანხები იხარჯებოდა და რომელ პროექტებში. ბუნდესტაგში დარეგისტრირებული 9 სადეპუტატო კითხვიდან რამდენიმე, მათი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ენჯეოებისა და ქართული ოპოზიციის თანამშრომლობას, ასევე ამ პროცესებში საელჩოს ჩართულობას ეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე "ქართული ოცნება" დიდი ხანია საუბრობს. უმრავლესობაში იმედს გამოთქვამენ, რომ ენჯეოების საქმიანობის შესახებ დასმულ კითხვებს გერმანიის მთავრობა დროულად უპასუხებს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებს.
ბუნდესტაგში დასმული საკითხები რომ ლეგიტიმურია, ამას ოპოზიციაც აღიარებს. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები არასამთავრობო ორგანიზაციებზე მეტად, დღეს, ელჩის პოზიციებს იცავდნენ. სწორედ პეტერ ფიშერის საქმიანობით დაინტერესდა თავდაპირველად ალტერნატივა გერმანიისთვის. პარტიის ერთ-ერთი შეკითხვა გერმანიის ელჩის და მამუკა ხაზარაძის ფინანსურ გარიგებასაც უკავშირდებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან ერთად, მმართველი გუნდი ხშირად აკრიტიკებდა გერმანიის ელჩის არადიპლომატიურ ქმედებებს. მიუთითებდნენ ვენის კონვენციის დარღვევასა და პოლარიზაციის ხელშეწყობაზე, საუბრობდნენ პეტერ ფიშერის მხრიდან რადიკალიზმის მხარდაჭერაზეც.
გერმანიის მთავრობისგან პასუხებს, "ალტერნატივა გერმანიასთან" ერთად "ქართული ოცნებაც" ელოდება. პეტერ ფიშერი კი, რომელიც განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც იმყოფებოდა, ბერლინში კონსულტაციებისთვის გაწვეულია.