19 აგვისტო 2026,   16:52
ვრცლად
სიმბოლურ ფასად შეძენილი მიწის ნაკვეთი ნათესავის კომპანიისთვის, ნათესავებზე გასხვისებული მიწები სამეგრელოში, თანაპარტიელის სიძეზე გადაფორმებული ბიზნესი - "რუსთავი 2"-მა გიორგი გახარიას ქონების შესახებ არაერთი დოკუმენტი მოიპოვა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში მდებარე ტერიტორია ერთ-ერთია, რომელიც "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, გიორგი გახარიას დახმარებით მისი ნათესავის კომპანიამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად იყიდა. ექსპრემიერს ნათესავებზე მიწების გასხვისებაში ადანაშაულებს სამეგრელოს მოსახლეობაც. წყაროს ინფორმაციით, გახარიამ ქონებისა და ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც 2014 წლის დეკლარაციაშიც ჰქონდა ასახული, მოგვიანებით, თავისი თანაპარტიელის, შალვა კერესელიძის სიძის სახელზე გადააფორმა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები საინტერესოა მთავრობის მეთაურისთვის. პრემიერ-მინისტრს, გახარიას შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკითხით საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ.

კომენტარის გაკეთება არ სურთ გახარიას საარჩევნო პარტნიორებს. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში ამტკიცებენ, რომ ექსპრემიერის ქონების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კი პირიქით, ამბობენ, რომ გახარიას კორუფციულ საქმიანობაზე თავადაც არაერთხელ უსაუბრიათ.

"რუსთავი 2-ის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ასევე დგინდება, რომ გახარიას 2014 წელს საკრედიტო დავალიანება ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებულმა დიდმა თანხამ ჩაანაცვლა. როგორ გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა და რა თანხებით ცხოვრობს ექსპრემიერი საზღვარგარეთ - შეკითხვები გახარიასთან პარლამენტის თავმჯდომარესაც აქვს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გახარიას შემოსავლების წარმომავლობით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

"კურიერი" გიორგი გახარიას პარტიას დღეს არ დაკავშირებია. მიზეზი, ექსპრემიერის თანაგუნდელების შეურაცხმყოფელი განცხადებებია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვიდრე გახარიას პარტიის წევრები ბოდიშს არ მოიხდიან, "რუსთავი 2" მათ გაშუქებაზე უარს ამბობს.

დღის ამბები