სკანდალი ეუთო/ოდირის გარშემო - ირკვევა, რომ მისიამ, რომელმაც საქართველოში, 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებაზე უარი დროის სიმცირის გამო განაცხადა, ჩეხეთში მიემგზავრება. ოფიციალურმა პრაღამ ეუთო/ოდირს მიწვევა ორ სექტემბერს გაუგზავნა, არჩევნები კი ჩეხეთში სამ ოქტომბერს იმართება.
მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და სვამენ კითხვას, რა პრინციპით მიიღო გადაწყვეტილება ეუთო/ოდირმა, რომელიც დროის ფაქტობრივად იგივე მონაკვეთში, ჩეხეთში გამგზავრებას და არჩევნებისთვის მომზადებას ასწრებს, საქართველოში ჩამოსვლაზე უარის მიზეზად კი სწორედ ვადებს ასახელებს.
დღეს, თბილისში 2007 წლის მოვლენებიც გაიხსენეს, როდესაც სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, მისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება და ქვეყანაში ჩამოსვლა ზუსტად ერთ თვეში მოახერხა.
ეუთო/ოდირის მხრიდან დროის სიმცირე რომ ფორმალური მიზეზია უარისთვის, ამის შესახებ ოპოზიციაში, კონკრეტულად კი "ნაციონალურ მოძრაობაში" საუბრობენ:
"დაგვიანება არის მათი უარის ფორმალური საფუძველი, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ევროკავშირის ინსტიტუტების პოლიტიკა. მათ არაერთხელ გააკეთეს განცხადებები და კონკრეტული ვადებიც დააწესეს, რომ "ქართულ ოცნებას" თუ სურს ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობა, მათ უნდა შეასრულონ და ნაბიჯები უნდა გადადგან დემოკრატიისკენ. ბუნებრივია ეს დამოკიდებულება, მათი არაღიარება და არათანამშრომლობა მათთან, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან გაგრძელდება," - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.