დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში, მმართველმა პარტიამ USAID-ი ამავე ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. სახელისუფლებო პარტიაში ითქვა, რომ USAID-ი მძლავრი ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით იყო დაკავებული. იხსენებენ საქართველოს მაგალითს და კითხვები აქვთ. იმ ფონზე, როდესაც შტატების პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების შეხედულებები თანხვედრაშია, რატომ გრძელდება საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და რატომ ირჩევს დუმილს ამერიკის საელჩო.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვირტუალურ ხულიგნობაში რუსმა პრანკერებმა გააბეს. ვიდეო მასალა კი ინტერნეტ სივრცეში გაავრცელეს. ჩანაწერში სამანტა პაუაერთან საუბარი ძირითადად USAID-ის დაფინანსებას უკავშირდება. პაუერი ამბობს, რომ მოლდოვისთვის უპრეცედენტო რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი და მაია სანდუს მმართველობისთვის ათობით მილიონი დოლარია დახარჯული. USAID-ის ყოფილი შეფი ჰყვება იმასაც, რომ თანხა კიშინიოვში კიევზე ადრე იგზავნებოდა. შეშფოთებას გამოხატავს ტრამპის პოლიტიკის გამოც და ევროპელ პოლიტიკოსებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
სამანტა პაუერის აღიარება ოპოზიციისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მის ნათქვამში სიახლე არაფერი ყოფილა და USAID-ის დაფინანსებაზე ინფორმაცია მანამდეც ჰქონდათ. ხელისუფლების ოპონენტები დღეს იმის ახსნას ცდილობდნენ, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხები საქართველოს შემთხვევაში არამიზნობრივად არ იხარჯებოდა.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გარეშემო გავრცელებული ინფორმაცია, "ქართულ ოცნებას" იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ USAID-ი "დიფ სთეითის" ხელში ინსტრუმენტია.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მუშაობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მიმდინარე წლის ივლისში შეწყვიტა. შტატების ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამერიკული ფინანსური დახმარება შეზღუდული და მიზნობრივი უნდა იყოს, რომელიც პირველ რიგში სწორედ ამერიკის ინტერესებზე მორგებული იქნება.