უკვე 8 წელია, ალექსანდრე სარიშვილი ლანჩხუთში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ მერობის 2 ვადაში ბევრი პროექტი დაასრულა, კიდევ ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში აპირებს.
ალექსანდრე სარიშვილის ხელმძღვანელობით, ლანჩხუთში ცენტრალური პარკი მოეწყო, გაიხსნა 8 ახალი საბავშვო ბაღი, სრულად განახლდა 8 სკოლა. ამჟამად, სარემონტო სამუშოები უტარდება შუხუთის საჯარო სკოლასა და 4 საბავშვო ბაღს.
მისი ინიციატივით, გაკეთდა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია და აშენდა 12 სპორტული მოედანი. ლანჩხუთის მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა კი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.
განათლება ახალგაზრდობა და სპორტი კვლავ იქნება მისთვის პრიორიტეტი. მერობის შემთხვევაში, ამბიცია აქვს, რომ აღადგენს "ლანჩხუთის გურიის" სტადიონს და სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს კულტურის ცენტრს. ამ დრომდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მისი ხელმძღვანელობით, სულ 200 კილომეტრის გზა დაიგო. გეგმაში აქვს გაზიფიცირების პროექტის დასრულება, რათა წლის ბოლოს გაზი ყველა სოფელს შეუფერხებლად მიეწოდოს, მისთვის ერთ-ერთ გამოწვევად კი რაიონის სრულად წყალმომარაგება რჩება.
გურიის კიდევ ერთ რაიონში - ოზურგეთში გამარჯვებისთვის ემზადება პაატა კუნჭულია. ის "ქართული ოცნების" ახალი სახეა, რომელმაც განათლების სექტორიდან გადმოინაცვლა. როგორც თავად ამბობს, საგანმანათლებლო სფეროში 16 წლიანი სამუშაო გამოცდილება მატებს თავდაჯერებას, რომ წარმატებული მერი იქნება. მიზნად დაისახა განათლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარება. აპირებს ახალგაზრდებთან კომუნიკაციით მართოს მუნიციპალიტეტი. ოზურგეთში დაბადებულ პაატა კუნჭულიას ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
კიდევ ერთი ადგილობრივი კანდიდატი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გურიაში დაასახელა, მინდია ჟღერიაა. ჩოხატაურის მერის მოადგილე 4 ოქტომბრის არჩევნებში მერობისთვის იბრძოლებს. ის მუნიციპალურ ორგანოში 2014 წლიდან მუშაობს, მის შესრულებულ საქმეებს კი ადგილობრივები კარგად იცნობენ.
მისი ჩართულობით, გუნდთან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ჩოხატაურში. სწორედ შესრულებული საქმიანობა მატებს თავდაჯერებას და რწმენას, რომ მხარს დაუჭერენ და იქნება წარმატებული მერი. გეგმები საკმაოდ ამბიციური აქვს. მიიჩნევს, რომ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
"ქართულმა ოცნებამ" გურიის სამივე რაიონში ადგილობრივი, კარგად ნაცნობი კანდიდატები წარადგინა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე