09 აგვისტო 2026,   01:49
ვრცლად
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულმა, გელა უძილაურმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულმა, გელა უძილაურმა, ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვა. როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მას სურს, საქმე მოსამართლემ განიხილოს. დღესვე გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება.

პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჯანგველაძის მკვლელობა უძილაურმა შეკვეთით, თანხის სანაცვლოდ ჩაიდინა, მტკიცებულებები გაანადგურა და მისი თავისუფლებაში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ გელა უძილაურის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.


ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გამხიტაშვილი აცხადებს, რომ საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები.

"წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ საქმეში არ არის შესაბამისი მტკიცებულებები. არ დასტურდება ალბათობის მაღალი ხარისხით, რომ გელა უძილაურმა ჩაიდინა შეკვეთით მკვლელობა, შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და საქმის გამოძიებისთვის დაბრუნება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღემდე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გამხიტაშვილი.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე კი აცხადებს, რომ საქმეში დევს როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე ვიდეომასალა.

"გელა უძილაურს რა ბრალიც აქვს წაყენებული - ეს არის შეკვეთით, ანგარებით განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ამ ბრალს ადასტურებს როგორც ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენები, ასევე ვიდეომასალა, რომელიც დეტალურად ასახავს [დანაშაულის ჩადენის ფაქტს]. ასევე, მისი მობილურის ტელეფონის ანძები, რომელიც ადასტურებს, სად, როდის გადაადგილდებოდა გელა უძილაური. ასევე, არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ შეკვეთით და ანგარებით მკვლელობას," - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთაში ედავებიან.

ჯანგველაძე 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მუხლი, რომლითაც უძილაურს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები