ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მაქსიმუმ ექვს თვეში დასრულდება. როგორც ჯეი დი ვენსი ამბობს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია, თუმცა შედეგი დამოკიდებული იქნება მხარეების შეთანხმებაზე. საუბარია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზეც.
ვენსის განცხადებით, "უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან".
"უსაფრთხოების გარანტიებზე ომის დასრულებამდე არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, რუსები ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებული საუბრის ნაწილი იქნებიან. ასე რომ, მათ ამ პროცესში გარკვეული წილი ექნებათ. რაც არ უნდა იყოს ამის შედეგი, დასრულდება თუ არა ომი სამ თვეში, ექვს თვეში თუ, იმედია, არა უფრო გვიან, ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს მკვლელობების შეჩერებას. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა - უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიური როლის შესრულებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ უსაფრთხოების გარანტიები", - აცხადებს ვენსი.
განცხადებას აკეთებს ლავროვიც. ის იხსენებს პირობას, რომელიც მოსკოვმა უკრაინას 2022 წელს შესთავაზა - უარი ნატოზე, დონბასის აღიარება და პირობა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელ სამხედროებს არ განათავსებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.