საჩხერეში კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იგება გზა, იცვლება კომუნიკაციები, გარე განათებები, ფასადები და ტროტუარები. ცენტრალური ქუჩის პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოებია მაჭავარიანის ქუჩაზეც. ამ სამუშაოებს თავად მერი, ლევან ივანაშვილი ესწრება, რომელიც საჩხერის მერობის კანდიდატად უკვე მეორედ დასახელდა.
ლევან ივანაშვილი, 2014 წლიდან, საჩხერის საკრებულოს წევრია, 2017 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარე, 2021 წლიდან კი მერად აირჩიეს. სწორედ ეს 11-წლიანი სამუშაო გამოცდილება აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ მუნიციპალიტეტსა და ყველა მოქალაქის პრობლემას სრულად იცნობს. ეს გამოცდილება მატებს თავდაჯერებას, რომ კიდევ ერთხელ აირჩევენ.
ამბიცია აქვს, რომ ყველა სახლამდე მიიყვანს გზას, ყველა ოჯახს კი 24 საათის განმავლობაში ექნება სასმელი წყალი. ბევრის გაკეთება შეძლო, თუმცა კიდევ ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში გეგმავს. როგორც თავად ამბობს, დაპირებების გაცემა არ უყვარს, ამიტომ პირდაპირ საქმეს აკეთებს.
თავის მთავარ პროექტად სპორტის სასახლის მშენებლობას მიიჩნევს. თვლის, რომ ჩემპიონების სამშობლოში სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარებული უნდა იყოს.
კიდევ ერთი მოქმედი მერი მიიღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. სამტრედიის მერობისთვის დავით ბახტაძე მეორედ იბრძოლებს.
დავით ბახტაძე, 2021 წლიდან, სამტრედიის მერია, 2014 წლიდან კი მუნიციპალურ ორგანოში მუშაობს. ჯამში, 29 წელი გაატარა სამტრედის სამსახურში.
მისი მერობის პერიოდში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პრიორიტეტს ახალგაზრდების, განათლებისა და სპორტის განვითარება წარმოადგენს. მისი ხელმძღვანელობით, 2024 წლიდან სოციალური პროექტი განსახლების პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გასულ წელს, საცხოვრებელი სახლი 4 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა. წელს კი 7-მა ოჯახმა უკვე მიიღო საცხოვრებელი - 3 კი წლის ბოლომდე მიიღებს.
მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში აპირებს, რომ დაასრულოს თავისივე დაწყებული საუკუნის პროექტი. მუნიციპალიტეტისთვის მთავარ გამოწვევას სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა წარმოადგენს. მომდევნო 4 წელში კი ამ პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
მიზნები საკმაოდ ამბიციური აქვს. უნდა, რომ სამტრედია საკურორტო მიზიდულობის ცენტრად აქციოს. მუნიციპალიტეტში არსებული თერმულ მინერალური წყლის გამოყენებასა და სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრის აღდგენას გეგმავს. სამტრედიის სამრეწველო, სამეურნეო, საგზაო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს.
იმერეთის კიდევ ერთ რაიონში მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" გამოცდილი კადრი დაასახელა. ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
ვახტანგ ღამბაშიძე მზად არის, მოქალაქეებთან კომუნიკაციით და მათი ჩართულობით მართოს მუნიციპალიტეტი. უსმენს როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროს თაობას. უფროსი თაობა მხარდაჭერას უცხადებს. "კურიერი" ყველა თაობის წარმომადგენელს გაესაუბრა, მათ შორის, მერობის კანდიდატის დამრიგებელსაც.
ვახტანგ ღამბაშიძე "ქართული ოცნების" გუნდის წევრია. ის ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ორჯერ იყო. ახლა მუნიციპალიტეტზე ზრუნვას სხვა რანგში გაგრძელებას აპირებს.
აპირებს, რომ დაასრულოს "ქართული ოცნების" გუნდის დაწყებული პროექტები. სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, სპორტული, საბავშვო და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა ეს მცირე ჩამონათვალია იმ ამბიციური გეგმებიდან, რომელიც მერობის კანდიდატს აქვს.
"ქართულმა ოცნებამ" იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში საჩხერეში, სამტრედიასა და ზესტაფონში მერობის კანდიდატად გამოცდილი მუნიციპალური კადრები დაასახელა.