ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 5 პირს ბრალი წაუყენა. განზრახ მკვლელობა შეკვეთით და ანგარებით - გამოძიება დაკავებულებს დანაშაულის ორგანიზებას, დაფარვას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და იარაღის შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ძმებმა მიქაძეებმა, რომელთაც ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ჯანგველაძესთან უთანხმოება ჰქონდათ, მისი მკვლელობა ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს და კრიმინალურ ავტორიტეტს, გიორგი ჯოხაძეს დაუკავშირდნენ.
პროკურატურა ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას, როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს დამკვეთები და შემსრულებელი, როგორ იგეგმებოდა დანაშაული, როგორ ხდებოდა მკვლელობისთვის შესაფერისი დროისა და ადგილის შერჩევა.
სამი პირი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე კი ქვეყანაში არ იმყოფებიან და მათზე ძებნა გამოცხადდა.
ბრალის წარდგენის პროცედურა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გვიან ღამით დასრულდა. დაკავებულებს ადვოკატები შეხვდნენ.
"დაუსწრებლად წარუდგინეს გიორგი ჯოხაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 109-ე და ასევე, 236-ე მუხლით, რაც მოიაზრებს განზრახ მკვლელობის დაორგანიზებას ჯგუფურად, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ჯგუფურად. გიორგი ჯოხაძე ბრალს არ აღიარებს და მივიჩნევთ, რომ ეს ბრალი არის აბსურდული. რაც შეეხება თანამშრომლობას, ის, რომ ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, როდესაც დაბრუნდება საქართველოში მხოლოდ მაშინ მოხდება მისი გამოცხადება საგამოძიებო ორგანოში", - აცხადებს გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ლიკა ბითაძე.
მათი განცხადებით არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
"ბრალდების მხარე გვედავება იმას, რომ გინდა თუ არა მამუკა ბაღდავაძემ დაინახა გელა უძილაური და არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს. გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს და მამუკა ბაღდავაძე მაგ დროისთვის საერთოდ არ ყოფილა მაგ საწყობში, ფიზიკურად ვერ ნახავდა კამერებს, რომც ყოფილიყო. მამუკა ბაღდავაძეს ვესაუბრე და მისი პოზიცია არის, რომ იგი სრულად ცნობს თავს უდანაშაულოდ", - აცხადებს მამუკა ბაღდავაძის ადვოკატი რევაზ მაისურაძე.
ძმებ მიქაძეების ადვოკატი ამბობს, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ ფიგურირებს.
"როგორც გიორგი მიქაძეს, ასევე დავით მიქაძეს წარედგინათ ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 109-ე მუხლებით. რაც ვიცით და რა დასკვნაც გამოვიტანეთ, გიორგი და დავით მიქაძეების შემთხვევაში რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ უნდა იყოს", - აცხადებს ადვოკატი.