09 აგვისტო 2026,   06:35
ვრცლად
კანონით დადგენილ ვადაში, მივმართავთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვთ აღნიშნული განაჩენის გაუქმებას - ბაჩიაშვილის ადვოკატი

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.

საქმე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. გამოძიების ინფორმაციით, მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 9 ათასამდე ბიტკოინი მიითვისა.

როგორც გიორგი ბადაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი აცხადებს, კანონით დადგენილ ვადაში, განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო ამ შემთხვევაშიც თუ არ შეიცვალა გადაწყვეტილება, შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. 

"მიმაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად წინააღმდეგობაში იყო საბოლოო გადაწყვეტილებასთან, ამის დასაბუთება შეუძლებელი იქნება თუნდაც სააპელაციო სასამართლოს მიერ. 

შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად, კანონით დადგენილ ვადაში, მივმართავთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვთ აღნიშნული განაჩენის გაუქმებას. იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ იქნება  ძალაში დატოვებული, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს",- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

დღის ამბები