09 აგვისტო 2026,   01:44
ვრცლად
შემოსავლების სამსახურის შემდეგ, ხაზარაძისა და პეტერ ფიშერის ფინანსური ურთიერთობით ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდა - უწყება პარლამენტის ყოფილი წევრის ქონებრივ დეკლარაციას იკვლევს

შემოსავლების სამსახურის შემდეგ, მამუკა ხაზარაძისა და პეტერ ფიშერის ფინანსური ურთიერთობით ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდა. ბიურო პარლამენტის ყოფილი წევრის ქონებრივ დეკლარაციას იკვლევს. ყავლაშვილის 14 ნომერში მდებარე სახლს, მამუკა ხაზარაძის ოჯახი გერმანიის ელჩზე თითქმის სამი წელი ისე აქირავებდა, რომ საიჯარო ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში ასახული არ ჰქონდა. ეს მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობით თანამდებობის პირს აქვს ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად ასახოს, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.

დეკლარაციის გარდა, მამუკა ხაზარაძის ოჯახს, დიპლომატთან გაფორმებული ხელშეკრულება არც იუსტიციის სამინისტროში ჰქონდა დარეგისტრირებული და არც შემოსავლების სამსახურში, სადაც შესაბამისად კანონით დადგენილ საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა. უძრავ ქონებაზე საიჯარო ხელშეკრულების ოფიციალური რეგისტრაცია, ირინა ხაზარაძემ მხოლოდ 2 დღის წინ, დაჩქარებული წესით მოითხოვა, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო და შესაძლო კანონდარღვევაც აღმოაჩინა. ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, "კოალიცია ძლიერ საქართველოში", დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც სამართლებრივი დეტალების ნაცვლად, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

თაღლითობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული მამუკა ხაზარაძისგან არაფერი უკვირთ სახელისუფლებო პარტიაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დიპლომატსა და ოპოზიციონერ ლიდერს შორის არსებული ფინანსური ურთიერთობა ბევრ კითხვას აჩენს. მათ შორის, პეტერ ფიშერის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" ლიდერები არც იმას გამორიცხავენ, რომ კვალი პოლიტიკურ კორუფციამდე მივიდეს.გააგრძელებს თუ არა მამუკა ხაზარაძესთან კონტრაქტს პეტერ ფიშერი? დიპლომატი დუმს. ოპოზიციონერმა ლიდერმა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკვე აღიარა, რომ სახლის გაქირავებიდან მიღებულ სარგებელზე საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა და ამ ფაქტს გადახდის წყაროსთან წარმოქმნილი გაუგებრობა უწოდა. ბიუჯეტში თანხა კი მას შემდეგ გადაიხადა, რაც შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები