ე.წ. მშვიდობიანი დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბუნებრივ დედლაინად 4 ოქტომბერი განსაზღვრა, თუმცა ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ, რევოლუციური პროცესების დასაწყებად, ხელჩასაჭიდ თარიღად შესაძლოა სექტემბრის პირველი რიცხვები იქცეს. მაშინ, როდესაც საქართველოსთვის, 8 პირობის შესასრულებლად, ბრიუსელის მიერ განსაზღვრული ვადა ამოიწურება და, მისივე მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეებს, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში შესვლაზე უარს მასობრივად ეტყვიან.
ხაბეიშვილის ამ შინაარსის განცხადებები სახელისუფლებო გუნდისთვის მორიგი დასტურია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს სურთ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი საზოგადოების გასაღიზიანებლად და ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ.
ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება რომ ექსპრეზიდენტის პარტიას ხალხის ქუჩაში გამოყვანაში დაეხმარება - ხაბეიშვილის შემდეგ, უკვე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებმაც დაადასტურეს.
თუმცა, ამ გეგმას მომხრეები მეორე ოპოზიციურ ფლანგზე არ ჰყავს. ნებისმიერ რევოლუციურ იდეას, მით უფრო ვიზალიბერალიზაციის საკითხის გამოყენებით, ემიჯნება გახარიას გუნდი.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია ვერც ამომრჩეველს დააკარგვინებს და ვერც რევოლუციური გეგმის განხორციელებას შეძლებს.
საარჩევნო მარათონამდე 2 თვით ადრე, მოცემულობა არ იცვლება - ოპოზიცია ორ ბანაკად გაყოფილი რჩება, სახელისუფლებო გუნდი კი ისევ მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება.