წერილობითი განცხადების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ხელისუფლების ოპონენტებს, უკვე "ღამის კურიერიდანაც" შესთავაზა, რომ შეწყალების წერილით მიმართონ. პრეზიდენტი მზად არის დისკრეციული უფლება გამოიყენოს და დაკავებული პოლიტიკოსები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდნენ, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებაზე ამჯერადაც უარია პარტია "ლელოსგან".
პოლიტიკურ ბრძოლას ყველა თავისებურად განაგრძობს, ზოგი საარჩევნო მარათონში ერთვება, ზოგი ბოიკოტში რჩება. ანა დოლიძეს არც არჩევნები სურს და არც ბოიკოტი.
ანა დოლიძეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მოუწონეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და ყველას, ვინც ამ ნაბიჯზე მიდის, მოღალატეებად თვლიან.
ორის ნაცვლად, ახლა უკვე სამად დაყოფილ ოპოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში მარცხს უწინასწარმეტყველებს დედაქალაქის მერი. კახა კალაძემ დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, დააანონსა ისიც, რომ "ქართული ოცნების" რიგებს ახალი სახეები შეუერთდებიან.
მერებსა და საკრებულოების წევრებს 4 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ - არჩევნებამდე 3 თვით ადრე კი, ოპოზიციის გზები სამად გაიყო.
ავტორი: ნანა გოგატაძე