ობამას ადმინისტრაციამ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ნარატივის შექმნის მიზნით სადაზვერვო ინფორმაცია გააყალბა - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Fox News-ი აქვეყნებს.
ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა, გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს "დამაჯერებელ მტკიცებულებებს", თუ როგორ მოამზადეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰილარი კლინტონის დამარცხების შემდეგ, მაშინდელმა პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა, ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირის ხანგრძლივი გამოძიების საფუძველი.
"2016 წელს ჩვენი მთავრობის უმაღლესი დონის თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ღალატის შეთქმულება", - განაცხადა გაბარდმა.
სკანდალურ ინფორმაციას დონალდ ტრამპი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ბარაკ ობამა თაღლითობაში დაადანაშაულა. თეთრი სახლის ლიდერი წერს, რომ მისი წინამორბედი და მისი ადმინისტრაციის წევრები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალი დონის თაღლითობით იყვნენ დაკავებულნი. ტრამპმა ასევე თემაზე მომუშავე Fox News-ის ჟურნალისტი შეაქო.
"ვულოცავ ტულსი გაბარდს. ასე გააგრძელე", - დაწერა ტრამპმა. გაბარდმა მოპოვებული მტკიცებულებები იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა.
"დემოკრატების მიზანი იყო პრეზიდენტ ტრამპის უზურპაცია და ამერიკელი ხალხის ნების შელახვა. ამ შეთქმულებაში ჩართული ყველა პირის საკითხი, რამდენად გავლენიანებიც არ უნდა იყვნენ ისინი, უნდა გამოიძიონ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მთლიანობა ამაზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველა დოკუმენტს იუსტიციის დეპარტამენტს ვუგზავნით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით," - აცხადებს ტულსი გაბარდი.