რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული-2026“, დღეს საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება.
„ქართულის“ ბოლო საკონკურსო დღე კი შვედეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლებს - „შოშია“, „სამანი“ და „კავკასია“ დაეთმო.
ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ფესტივალის სტუმრები, დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ხელმძღვანელი პირები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ ,, ქართულზე", რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ. მადლობა ამ ემოციისთვის ჩვენს გუნდს, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო ამ ფესტივალში. მადლობა რუსთავს და ადამიანებს, რომლებმაც ამხელა გზა გამოიარეს და ასეთი განსაკუთრებული დღეები გვაჩუქეს.
დღეს საღამოს, ჩვენს საფესტივალო სივრცეში, „ქართული-2026“ ერთი წლით დაიხურება. ველოდებით ყველას, ვისაც ნამდვილი ქართული საღამოს გატარება უნდა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სცენაზე გამოსვლის წინ, ქართული დიასპორების ანსამბლებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.
საკონკურსო ღონისძიების მიმდინარეობისას, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა ქორეოგრაფიული ანსამბლების - „შოშია“, „სამანი“ და „კავკასია“ სამხატვრო ხელძღვანელებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა და საკრებულოს თავმჯდომარის სპეციალური პრიზები გადასცა.
"ყველაზე ქართული საფესტივალო დღეების ფარგლებში, ,,ქართულის” სცენაზე წელს პირველად იცეკვეს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა გერმანიიდან, საბერძნეთიდან და შვედეთიდან. ფესტივალის საპატიო მონაწილეებს, პატივისცემის ნიშნად, რუსთავის საკრებულოს სახელით სპეციალური პრიზები გადავეცი და კიდევ ერთხელ დავუდასტურე უდიდესი პატივისცემა, იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის, რომელსაც საქართველოს საზღვრებს გარეთ, წლების განმავლობაში ახორციელებენ. მადლობა მათ ქართული საქმის ერთგულებისთვის, სიყვარულისა და იმ ძალისხმევისთვის, რომლითაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ეროვნულ კულტურასა და ღირებულებებს უნარჩუნებენ“, - განაცხადა მამუკა რეხვაშვილმა.
კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, უკვე მესამედ იმართება. წლევანდელ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორებიც ჩაერთნენ და წელს, 3 ათასი მონაწილე ჰყავს.
„ქართული“ რუსთავის ცენტრალურ პარკში სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილ სივრცეში 10-დან 20 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს სტუმრებს და გასული წლების მსგავსად, რუსთავის ერთ-ერთ მთავარ კულტურულ მოვლენად იქცა.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისა და სტუმრებისთვის ცეკვის, ვიზაჟისა და ქართული კულინარიის მასტერკლასები ჩატარდა.
კონკურს-ფესტივალი „ქართული“ დღეს ანსამბლ „ქართული ხმების“კონცერტითა და 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. გრანპრის მფლობელი 10 000 ლარს და სპეციალურად „ქართულისთვის“ შექმნილ გარდამავალ ჯილდოს მიიღებს. ფულადი ჯილდოები გადაეცემა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ ანსამბლებსაც.
„ქართულის“ დახურვის ღონისძიების წამყვანები დღეს ნიკოლოზ წულუკიძე, გიორგი კალანდია და მარიკა ბაკურაძე იქნებიან.
კონკურს-ფესტივალი 10 ივნისს „რანინელების“, „კახაბერის და ხანუმების“ კონცერტებით გაიხსნა.
წლევანდელი „ქართული“, საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლისთავს და კათოლიკოს -პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება.