აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, მინისტრმა წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე, ბიუჯეტის შესრულებასა და იმ სიახლეებზე, რომლებიც სამინისტროს სამომავლო პრაქტიკულ საქმიანობაში იქნება გათვალისწინებული.
2025 წელს, სამინისტროს სისტემის მიერ დევნილთა განსახლების 99 ობიექტზე 1 105 390 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა. ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გარდა, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დახმარება გაეწია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ 4 476 პირს.
საუბარი ასევე შეეხო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის საკითხებს. სამინისტრომ მათი მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა.
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი განმარტებები მიიღეს.