ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ ფარგლებში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც, მისი განცხადებით, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება აჩქარდეს.
"შეხვედრებისას დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის. ყურადღება გამახვილდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროექტები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის მიმართულებით.
"მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ღირებულების მქონეა, რადგან საქართველოს გავლით ისინი მათ საექსპორტო ქვეყნებს დაუკავშირდებიან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.