20 ივნისი 2026,   12:49
ვრცლად
დუშანბეში შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა და ბიუსტი გაიხსნა

ტაჯიკეთის დედაქალაქში დუშანბეში შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩა და ბიუსტი გაიხსნა.

ბიუსტის გახსნის ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.

მისი განცხადებით, სწორედ კულტურა და კულტურული დიპლომატია არის ის თემა, რაც ადამიანების გულებთან პირველი მიდის და მართლაც ასე მოხდა

"მოხარული ვარ, რომ შოთა რუსთაველის ძეგლი და ქუჩა გაიხსნა. კულტურა და კულტურული დიპლომატია არის ის თემა, რაც ადამიანების გულებთან პირველი მიდის და მართლაც ასე მოხდა. აქ მოღვაწე ქართველებმა ასეთი ინიციატივა გამოთქვეს და ეს საუკუნოდ დარჩება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების ცხოვრებაში. შოთა რუსთაველი მართლა აერთიანებს იმ იდეებს, რითაც მსოფლიო მშვიდობით, ხალხთაშორის სიყვარულით და მაღალი ჰუმანისტური იდეებით გვაერთიანებს. მე იმედი მაქვს, რომ სხვა კულტურული მიმოცვლაც გვექნება,"- აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დღეს სრულდება. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. მიიღეს ერთობლივი კომუნიკე, რომელში ყურადღება გამახვილდა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა გამოთქვეს ინტერესი ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის თანმიმდევრულად განმტკიცების, რაც ორივე ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.

მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის პრემიერს შეხვდა. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები. გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.

დღის ამბები