"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეათე შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა.
განათლება, სპორტი, დასაქმება, ხელმისაწვდომობა იმ პროექტებთან, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური სტარტაპები შექმნან და თანატოლები დაასაქმონ.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, კონფერენციის მონაწილეების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვა, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობას ეხებოდა, რა დროსაც ვარლამ ლიპარტელიანმა განსაკუთრებული ყურადღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გაამახვილა, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის 100%-იანი ქველმოქმედებაა.
ასევე, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, თბილისი და ქუთაისი უნდა გახდნენ ცენტრები, ვინაიდან ქუთაისიდან ადამიანების მასშტაბური გადინება დედაქალაქში არ მოხდეს:
"არ შემიძლია არ აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის 100%-იანი ქველმოქმედება არის და მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას და მის ოჯახს, მადლობა მინდა ვუთხრა ცოტნეს, რადგან შესანიშნავი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ისიც ვიცით, რომ თბილისი და ქუთაისი უნდა გახდნენ ცენტრები, რომ არ მოხდეს ადამიანების გადინება მასშტაბურად თბილისში და ერთ-ერთი ცენტრი იქნება ქუთაისში,"- აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.
წყალტუბოში გამართულ შეხვედრას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი ცოტნე ივანიშვილი, ლაშა ტალახაძესთან და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ესწრებოდა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართული კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა პარტიის წევრებისგან ინფორმაცია არაერთ საინტერესო პროექტზე მიიღეს, რომლებსაც სახელმწიფო სპეციალურად მათთვის ახორციელებს.