"მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ლიდერი, თავმჯდომარეზე მეტი მაგალითად ჩემთვის "- ამ ერთი ფრაზით "ნაციონალური მოძრაობის" შიდა იერარქიაც გამოჩნდა და ისიც, თუ ვისი სიტყვის სჯერათ უაპელაციოდ. სააკაშვილის გუნდში ჯიუტად ამტკიცებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გადაწყვეტილება არჩევნების გზით მიიღება, თუმცა არჩევანი ციხიდან ერთპიროვნულად გააკეთა მან, ვინც პარტიაში თავმჯდომარეზე მეტია. დაშლის პირას მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ სააკაშვილის რჩეულს ეგებებიან, მოქმედ თავმჯდომარეს კი უკვე ემშვიდობებიან.
ციხიდან მოხსნილ პარტიის თავმჯდომარეს მადლობა ციხიდანვე შემოუთვალა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ვრცელ პოსტში არც საყვედურები დააკლო. თქვა, რომ პარტია ღრმა კრიზისშია, ვეღარ ქმნის დღის წესრიგს, კარგავს ამომრჩევლებსა და რეიტინგს, პარტიის თავმჯდომარესა და წევრებს შორის კი კომუნიკაციის დეფიციტია. სწორედ ამით ახსნა სააკაშვილმა ვარცხნილობასთან ერთად, მისივე პარტიის რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილება.
ნანუკა ჟორჟოლიანი ჯერ პარტიის წევრიც არ არის, თუმცა პარტიის თავმჯდომარის როლი კარგად მოირგო და რეგიონული ტურნეც დაიწყო. ვიდრე სააკაშვილის რჩეული ახალ ამპლუას ეგუება, თავად სააკაშვილს მისი ერთგული ანა წითლიძე უპირისპირდება. პარტიის კრიზისიდან გამოყვანის გზა წითლიძისთვის კულუარული გადაწყვეტილების დასრულებაზე გადის.
ანა წითლიძის ამ აღიარების შემდეგ, უფრო აშკარაა, თუ ვისი სიტყვა ფასობს "ნაციონალურ მოძრაობაში" და ვინ იღებს გადაწყვეტილებას. ამის მიუხედავად, პარტიის წევრები პარტიის დაცვას "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დემოკრატიის ილუზიით ცდილობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგი იმ პოლიტიკური სერიალის გაგრძელებაა, რომელსაც დიდი ხანია უყურებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები დარწმუნებული არიან, რომ შიდაპარტიული რევოლუცია მიხეილ სააკაშვილს საბოლოო მარცხამდე მიიყვანს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილი ოპოზიციის ე.წ. ალიანსში უკვე დაკარგა, მალე შესაძლოა სააკაშვილის პარტიის ადგილი პოლიტიკურ ველზეც აღარ იყოს, რადგან გუნდში არსებულ ღრმა კრიზისს თავად სააკაშვილიც ვეღარ მალავს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.