"ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ შედგება. გეგმის ნაწილი დღეს გიორგი ბარამიძემ გაამხილა.
გიორგი ბარამიძეს ამ განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც გუშინ სააკაშვილის პარტიის რეგიონულმა მდივანმა თქვა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მუშაობენ, რომ საქართველოში მუნიციპალური არჩევნები არ შედგეს. გიორგი ბოტკოველის განცხადებამდე იყო ლევან ხაბეიშვილის მუქარა, რომელმაც ძალის გამოყენება დააანონსა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები, მმართველი გუნდისთვის მათ მიზანზე მიუთითებს, რომ საარჩევნო უბნებთან ქაოსი შექმნან. იხსენებენ სააკაშვილის როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანაგუნდელების კომენტარებსაც და მათ უკან ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაწერილ სცენარს ხედავენ.
4 ოქტომბრის გეგმაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ისაუბრა ელენე ხოშტარიამაც და თქვა, რომ ოპოზიციამ მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.
განსხვავებულია იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციები, რომლებმაც 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტეს. გახარიას გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლის სტრატეგიას რადიკალურს უწოდებს. "გირჩში" კი ფიქრობენ, რომ კოლეგების მუქარა მუქარად დარჩება.
ოპონენტების განცხადებები პრემიერ-მინისტრისთვის ოპოზიციისა და მისი უცხოელი მხარდამჭერების სასოწარკვეთილებას გამოხატავს. გარე ძალებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც.
სწორედ თვითმმართველობის არჩევნებმა გაყო ოპოზიცია 2 ნაწილად - 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 2-მა არჩევნებში მონაწილეობა, 2-მა კი ბოიკოტში დარჩენა და მისი ჩაშლა გადაწყვიტა.