პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციას რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას უწოდებს, რომელიც მზია ამაღლობელის მდგომარეობას ეხება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარი შეგნებულად ტყუის, თითქოს ჟურნალისტს სცემეს და მისი ჯანმრთელობა უარესდება, რაზეც მას პასუხს არავინ სთხოვს. სპიკერი ამბობს, რომ ლობისტური მიზნების გარდა, ეს შემთხვევა ევროკავშირის ღირებულებით კრიზისზეც მიუთითებს.
განცხადება იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, ბრიფინგზე გუშინ გააკეთა, როდესაც მისი ინიცირებული რეზოლუციის მიღების შემდეგ, ისევ საქართველოს საკითხზე ისაუბრა.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს განცხადება? - "კურიერი" მზია ამაღლობელის ადვოკატის პოზიციით დაინტერესდა, თუმცა მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სხვა მედიას კი უთხრა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე სახის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. რაზე დაყრდნობით ამტკიცებს ევროპარლამენტარი, რომ მზია ამაღლობელს სცემეს - ეს არც ხელისუფლების ოპონენტებმა იციან.
მმართველი გუნდი პარალელს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან ავლებს, როდესაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კონკრეტული ევროპარლამენტარები ხელისუფლებას ანალოგიურად აკრიტიკებდნენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უცხოელი აქტორებისთვის "ქართული ოცნების" დისკრედიტაციის მიზნით, ყალბი ინფორმაციის გავრცელება პრობლემა არც მაშინ ყოფილა.
"უხეში ტყუილი" - ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დღეს მედიის შეკითხვას უპასუხა.
მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც შევიდა, რომლის მთავარი ინიციატორი, სწორედ რასა იუკნევიჩიენეა.