წალენჯიხის თვითმმართველმა ორგანომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. განცხადება მერიის ოფიციალურ "ფეისბუკ" გვერდზეც გამოქვეყნდა. წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელშიც 2021 წლის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, მერია და საკრებულო კი ოპოზიციის უმრავლესობით დაკომპლექტდა.
ოპოზიციური მერიის განცხადების შინაარსი, "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ. წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია" ქართული ოცნების" წარმომადგენელი ამბობს, რომ მერიის ოფიციალური გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია.
ის, რაც "ქართული ოცნებისთვის" სამართლებრივად მიუღებელია, ნორმაა "ერთიანობა ნაციონალური" მოძრაობისთვის.
ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "ლელოში", სადაც არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პარტიაში, რომლის ლიდერიც წალენჯიხაში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებდა, მერიის განცხადებას იდეის ღალატს უწოდებენ.
მერიის "ფეისბუკ" პოსტს აბსურდს, პოსტის შინაარსს კი კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას უწოდებენ მმართველ გუნდში.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელს მუნიციპალიტეტის ბოიკოტთან დაკავშირებით, ჯერ განმარტება არ გაუკეთებია. ივანე ბურდული შვებულებაშია, ამერიკაში იმყოფება და მედიის კითხვებს არ პასუხობს.
ავტორი: კესო ქაფიანიძე