19 აგვისტო 2026,   16:50
ვრცლად
ცესკოს დისკრედიტაციის სურვილი და საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობა - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დეზინფორმაციულ კამპანიასა და კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ

ცესკოს დისკრედიტაციის სურვილი და საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობა - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დეზინფორმაციულ კამპანიასა და კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობენ. კომისიის პრესსპიკერი აცხადებს რომ დადასტურებული მტკიცებულებების მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები ისევ მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებენ. ამბობს, რომ ეუთო-ოდირის ანგარიშსა და რეზოლუციაში, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის. ამ ფონზე კი რეზოლუციაში არჩევნებთან დაკავშირებით ასახული მოსაზრებები, ოდირის ანგარიშის მთავარ მიგნებებს ეწინააღმდეგება.

დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიას მაგალითად ნინო ლომჯარიას განცხადება მოჰყავს. სადაც ის ამტკიცებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ლომჯარია საარჩევნო პროცესს სადამკვირვებლო ორგანიზაციის "ჩემი ხმა" სახელით აკვირდებოდა. "კურიერმა" მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებსა და სმს შეტყობინებებს არ პასუხობს.

ნინო ლომჯარიასგან განსხვავებით, ცესკოს განცხადებაზე მალევე გაკეთდა შეფასებები ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტები ცესკოს არგუმენტებს მანიპულაციურს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთო-ოდირის დასკვნაში დადებითი კონტექსტი არ იკითხება.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ცალკეულ წარმომადგენლებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ რეზოლუცია, რომელიც მეგობარი აქტის ავტორის, ჯო უილსონის გავლენით დაიწერა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიისა და გენერალური მდივნის განცხადებებს უპირისპირდება.

ის, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგები, ამომრჩევლის ნებას სრულად ასახავდა, 3 ივლისს ეუთოს ასამბლეაზე, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ თქვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადეს, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში სამართლიანი იყო და პროცესის ორგანიზებულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ამ განცხადებების მიუხედავად, კრიტიკული შესწორებები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში საქართველოს შესახებ მოხვდა ჯო უილსონს ეკუთვნის და ქართულმა მხარემ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

დღის ამბები