09 აგვისტო 2026,   00:10
ვრცლად
"რაც ეს საგუშაგოები ჩაიდგა, სოფელი ტყით ვეღარ სარგებლობს - მოსახლეობას ერთგვარი შიშიც ეუფლება, რა მოხდება ტყეში, დაზღვეული არავინ არაა" - ჩორჩანას ეპიზოდზე ორი პირის გამოკითხვა დასრულდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ორი მკვიდრის გამოკითხვა. თამაზ და მალხაზ ლომიძეები უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

მათ გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ.

ისინი ამბობენ, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს ტყით და მიმდებარე ტერიტორიით.

პროკურატურაში გამოძიება გრძელდება "საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე", რომლის ერთ-ერთი ნაწილიც, 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდია.

ჩორჩანას მკვიდრის, მალხაზ ლომიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ მისთვის დასმული კითხვები სოფელში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

"კითხვები ეხებოდა ჩემს სოფელში ტყის მასივის მდგომარეობას 2019 წლამდე და მას შემდეგ. თუ არ ვცდები, დაახლოებით, 400 ჰექტარ ტყის მასივზეა საუბარი. ამ ტყის მასივით სარგებლობდა სოფელი. 2019 წლის შემდეგ, რაც ეს საგუშაგოები ჩაიდგა, სოფელს წვდომა აღარ აქვს.

ახალი გზა გაჭრეს და მთლიანად აკონტროლებენ. ამგვარად, მოსახლეობას ერთგვარი შიშიც ეუფლება, რომ ტყე უკვე გაუვალივით არის, რა მოხდება ტყეში, დაზღვეული არავინ არ არის", - განაცხადა მალხაზ ლომიძემ.

დღის ამბები