09 აგვისტო 2026,   04:25
ვრცლად
ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა

ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი დაესწრო. ტერმინალის გახსნის ღონისძიებაში, ასევე მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ისე ყაზახეთიდან.

მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი სს "ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

"ფოთის ტრანსტერმინალი" მოემსახურება ტვირთების ტრანზიტს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით, CASCA+ სატრანსპორტო დერეფანში და ასევე, ექსპორტ-იმპორტს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ აშშ დოლარია.

ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული. მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება, რომელიც, შესაძლებელია 200 000 კონტეინერამდე გაიზარდოს. როგორც "ფოთის ტრანსტერმინალში" აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება. ახალ ტერმინალში 120-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

დღის ამბები