09 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
კახეთის რეგიონში გზების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და წყალარინება-წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ურბანული სივრცეების განახლება მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მოიცავს საგზაო ქსელის განახლებას, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების – სკოლებისა და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას. თელავში დასასრულს უახლოვდება ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩისა და მათ მიმდებარედ შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის" ფარგლებში, თელავში მიმდინარეობს ისტორიული უბნის განახლება. ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარედ, სკვერის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. კახეთში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, ამჟამად 25 პროექტი ხორციელდება, რის შედეგადაც 107 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს უწყვეტ წყალმომარაგებას.

გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლებში შენდება ოთხი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელთა ერთობლივი ტევადობა 250 ბავშვზეა გათვლილი. გარდა ამისა, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი აღნიშნავს, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები