მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გრძელდება. ეროვნული დღე იზეიმეს საბერძნეთში, ხორვატიასა და დანიაში.
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღება ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში გამართა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ, ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. აუდიტორიას სიტყვით ასევე მიმართა საბერძნეთის პარლამენტის "საბერძნეთ- საქართველოს მეგობრობის ჯგუფის" თავმჯდომარემ, ასიმინა სკონდრამ. მან ორი ქვეყნის მრავალწლოვან, ურყევ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს წინსვლა და წარმატებები უსურვა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა, ქ. თესალონიკში, გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თესალონიკის მერიის მხარდაჭერით.
ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა ხორვატიაშიც. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ, ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა ფრანო მატუშიჩმა და ხორვატიის პარლამენტის სახელით, კომიტეტის თავმჯდომარემ ივან მალენიცამ.
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ. კულტურული პროგრამის ნაწილში, მოწვეულმა ქართველმა მოცეკვავეებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს.