ვაშინგტონიდან თბილისში ქართული დელეგაცია ახალი გზავნილებით ბრუნდება. სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, პირველ ვიცე-პრემიერს, თეთრ სახლში უმასპინძლეს.
ლევან დავითაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, დონალდ ტრაპის სპეციალურ ასისტენტს და საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში დირექტორს შეხვდა. მხარეებმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია exim bank-ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტს და დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ეკონომიკის სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვის საკითხს.
გლობალური და რეგიონული გამოწვევები, ერთობლივი პროექტები და 30-წლიანი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ყველა ის ძირითადი საკითხი განიხილა, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგში დგას.
პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან - მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრები შეაჯამა ფინანსთა მინისტრმა. ლაშა ხუციშვილის თქმით, მხარეებმა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონისგან ახალი პროექტების მხარდაჭერის პირობაც მიიღო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, მათ შორის იყო შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში. ლევან დავითაშვილს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა უმასპინძლა. შეხვედრები გაიმართა შტატების კომერციის და სახაზინო დეპარტამენტებშიც.
ავტორი: ნანა გოგატაძე