მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაწესებული სანქციების უკან, ეკა გიგაური და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დგას. საუბარია 55 კაციან სიაზე, რომელშიც დეპუტატებთან ერთად, სამართალდამცველები და მოსამართლეებიც მოხვდნენ. მათ წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების მიზეზებზე, "გამჭვირვალობამ" დეტალური ინფორმაციაც გამოაქვეყნა. სია ასე გამოიყურება - თითოეულ გვარს - დასანქცირებისთვის კონკრეტული მიზეზი აქვს მიწერილი. მაგალითად, ოლიმპიური ჩემპიონისა და უმრავლესობის წევრ ლაშა ტალახაძისთვის შეზღუდვის დაწესების წინაპირობა აგრესიულობა გახდა. დეპუტატების ნაწილს კი ბალტიისპირა ქვეყნებში შესვლა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო აეკრძალათ. სახელისუფლებო გუნდისთვის ეს ფაქტი ადასტურებს, რომ გიგაური და ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ერთობლივად არიან დაკავებული.
რა პრინციპით შეარჩია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დასასანქცირებელ პირთა სია - ამ კითხვაზე პასუხი დღეს თავად ეკა გიგაურს და მის ორგანიზაციას არ გაუციათ. სიებზე რომ მესამე სექტორთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ, არ უარყოფენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ვერ ხსნიან რატომ შეიძლება ყოფილიყო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული მიზეზები დასანქცირების მოტივი. თუმცა ამბობენ, რომ შეზღუდვები ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნებიდან მოქალაქეებში მათთვის საჭირო აღქმების გაჩენას შეუწყობს ხელს.
გიგაურის გუნდის და ოპოზიციის მიზნების თანხვედრა, მმართველი გუნდისთვის ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდება. უმრავლესობაში დღეს გაიხსენეს, რომ უკვე დიდი ხანია გიგაურის გამჭვირვალობამ რეგისტრაციის მისამართი თბილისიდან ტალინში გადაიტანა. რაც მას ესტონეთის ხელისუფლებაზე მუშაობის ღია ვალდებულებას უჩენს. პოლიტიკოსების თქმით, ე.წ. დიფ სთეითის გავლენა ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში დიდია, რაც მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებშიც გამოიხატება. მიზანი კი ნათელია - საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნება, სხვა ქვეყნებში არეულობის ხელშეწყობის ფასად.
სავარაუდოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველოსთან თანამშრომლობით, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს 55 მოქალაქე დაასანქცირა. ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე შესვლა 4 მარტის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსებთან ერთად, მოსამართლეებისა და სამართალდამცველების ნაწილსაც შეეზღუდათ.