მსოფლიო წესრიგის მთავარი კონტურები გამოკვეთილია - "ოქროს ხანის" დაპირებით, ოვალურ კაბინეტში მეორედ დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა, პოლიტიკური ისრის გასწორება საკუთარ ქვეყანაში დაიწყო, შტატებში ნათქვამმა და გადადგმულმა ნაბიჯებმა კი არაერთი პოლიტიკური ბუნდოვანებაც გაფანტა.
ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა, სამშვიდობო ზავები და უკრაინის ომის დასრულების გეგმა, გენდერის განსაზღვრა, შეჩერებული დაფინანსებები - ვაშინგტონში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, თბილისში ხელისუფლებას იდეოლოგიური თანხვედრა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მმართველი გუნდი ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია, ოპტიმისტურ პროგნოზის კი მათთვის შტატების 47-ე პრეზიდენტის გზავნილები აჩენს.
დონალდ ტრამპის პოლიტიკისგან ოპტიმისტური მოლოდინები აქვს ქართულ ოპოზიციას, თუმცა თავის მხრივ, ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გზავნილები, მმართველი გუნდის ოპონენტებმა სხვანაირად თარგმნეს. ვაშინგტონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი დაფინანსების მიზნების დადგენაზე მუშაობს, თბილისში კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რეზონანსული კანონი ახსენდებათ. "ნაციონალური მოძრაობა" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებული კანონის საჭიროებას ისევ ვერ ხედავს.
მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტმა განკარგულებით, ქვეყანაში მხოლოდ ორი სქესი, მდედრობითი და მამრობითი განსაზღვრა, ქართველმა პოლიტიკოსებმა პარალელი თბილისში მიღებულ, კიდევ ერთ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონთან გაავლეს. თუმცა, "ქართული ოცნებისა" და ტრამპის იდეოლოგიური თანხვედრა ვერც ამ საკითხში დაინახეს "ძლიერ საქართველოში."
სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" არ გამორიცხავს, რომ 47-ე და 46- პრეზიდენტის მიდგომები ისეთივე განსხვავებული იყოს, როგორც გენდერთან მიმართებით. "საქართველოში მსგავსი პრობლემა არ დგას" - აცხადებენ ოპოზიციაში, რომლის მხარდაჭერა, შესაბამისმა კანონმა ვერც მათგან და ვერც მაშინდელი პრეზიდენტისგან მოიპოვა. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი პარლამენტში მოტივირებული შენიშვნების გარეშე დააბრუნა.
მმართველი გუნდი ოპონენტების მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს, აწმყოში ნათქვამს კი, იდეოლოგიურ მარცხად აფასებს.
შეცვლილი ადმინისტრაციისა და რიტორიკის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზაობას ადასტურებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება ამერიკულ მხარეს სთავაზობს, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს.
როგორ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, ჯერი ახლა ტრამპის სიტყვაზეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციის განსხვავებულ მიდგომებს ელის. დონალდ ტრამპმა, ამერიკის 47-ე პრეზიდენტის პორტფელი 20 იანვარს, მეორედ ჩაიბარა. ექვს სამუშაო დღეში, ტრამპმა საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები უკვე განსაზღვრა.
ავტორი: იზი ბურნაძე