27 აგვისტო 2026,   16:05
ვრცლად
"ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები ორშაბათს, ყველა ზომა მაგიდაზეა - რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს" - პაველ ჰერჩინსკი

რაც ბოლო 12 დღეა ხდება, ცალსახად საჭიროებს სანქციებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, მიმდინარეობს სამუშაო, რომ სანქციები მომზადდეს, თუ 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნება იქნება მიღწეული.

"მინდა, ევროკავშირის სახელით, ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ვხედავთ ქუჩებში გამოსულ ხალხს, გვესმის მათი ხმები, შოკირებულები ვართ ძალადობით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან. ევროკავშირი 16 დეკემბერს საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ, ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ. მოდით, ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან ორშაბათს.

წლების განმავლობაში, საქართველოს პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, საბოლოოდ საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები ორშაბათს. ყველა ზომა მაგიდაზეა. არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა.

ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვსურს მოსახლეობის დაზიანება, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით. რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან და ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ბოლო ათი წლის განმავლობაში ჰქონდა, საჭიროებს რეაგირებას.

მე ვიცი, სამუშაო მიმდინარეობს, რომ სანქციები მომზადდეს, თუ ჩვენ მივაღწევთ 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვნებას. იმედი მაქვს, ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის ძალიან რთული იქნება, ამ ხარისხის ძალადობისა და სისასტიკის იგნორირება მოახდინოს. ვნახოთ, ორშაბათს თუ იქნება წარმოდგენილი სანქციები", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები