უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში ჩრდილოეთიდან უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო ჩაირთო.
ღამით, საჰაერო განგაში იყო კიევში, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.
დაიბომბა ხარკოვის ოლქი, დაიღუპა 3 ადამიანი, არიან დაშავებულები. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, იყო ნგრევა, ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვისას, დაიღუპა 1 მამაკაცი და დაშავდა 10-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 134 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის ახალი, 500 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი გამოაცხადა, საიდანაც 350 მილიონი სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება; შვედეთი კი, კიევის დასახმარებლად, 63 მილიონ ევროს გამოყოფს.