3 დღეში ერთი თვე გახდება, რაც უკრაინაში ომია. ომი, რომელმაც მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა და ომი, რომელსაც მთელ მსოფლიოზე უკვე აქვს გავლენა. როგორი იქნება ეს გავლენა გრძელვადიან პერსპექტივაში - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში გამოაქვეყნა. ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას და ინფლაციის დონის ზრდას პროგნოზირებს.
ორგანიზაციის შეფასებით, უფრო გაძვირდება ენერგოპროდუქტები და სურსათი, ეს კი გაზრდის ინფლაციურ ზეწოლასაც და ზოგიერთ რეგიონში არასტაბილურობის რისკებსაც.
ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ კონფლიქტმა მიწოდების ჯაჭვის პრობლემები, ვაჭრობის შეზღუდვა და ფულადი გზავნილების შემცირება გამოიწვიოს უკრაინა-რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში. ევროპის რეგიონში კი სავალუტო ფონდი მთავარ გამოწვევად ბუნებრივი აირის, ნავთობის და სხვა ენერგოპროდუქტების გაძვირებას და მიწოდების შეფერხების რისკების ზრდას ასახელებს.
ორგანიზაცია,გაურკვევლობისა და არასტაბილურობის გამო, გლობალურად, ინვესტორების მხრიდან ნდობის მოსალოდნელ შემცირებასაც პროგნოზირებს.