500 ლარი ხელზე აიღო და ნარკოტიკიც ხელიდან ხელში გადასცა. რეალიზატორი დარწმუნებული იყო, რომ ე.წ. ფაქტი მომხმარებელს მიჰყიდა. რეალურად კი, მის წინააღმდეგ პოლიციამ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვა.
საკონტროლო შესყიდვა ქუთაისშია გადაღებული. მამაკაცი, რომელიც შსს-ის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს და ნარკოტიკს ასაღებს, პოლიციამ მალევე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის ირანის მოქალაქეა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისგან გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ამოღებულია თანხაც, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად აიღო.
ნარკოტიკების რეალიზატორი დააკავეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.
ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკს ქუჩაში, ავტომობილში ყიდდა - დანაშაულს ფარული კადრებიც ადასტურებს. საკონტროლო შესყიდვის მასალა სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, ის ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.
რეალიზატორების დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსური და ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაადგინეს, რომ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის სქემაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ნარკოტიკს სისტემატურად ასაღებდნენ.