ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემების წინააღმდეგ ახალ ტაქტიკას იყენებს, რათა ნავთობის მაღალი ფასები შენარჩუნდეს და აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ Reuters-ს ირანის ორმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მედიის ცნობით, თეირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის მოპოვებას მას შემდეგ ცდილობს, რაც აშშ-მ და ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ვაშინგტონზე გავლენის მოხდენის მიზნით, ირანმა ამ მარშრუტით გადაზიდვები შეზღუდა, რომელიც ომამდე გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა.
ირანის მხრიდან მუქარამ და თავდასხმებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სრუტეში გადაზიდვები და გამოიწვია ნავთობის ფასების ზრდა, თუმცა ნავთობის გადაზიდვები მაინც გრძელდება.
როგორც გამოცემა განმარტავს, ორმა სამთავრობო წარმომადგენელმა უარი თქვა ახალი სტრატეგიის დეტალების გამჟღავნებაზე, თუმცა ერთ-ერთმა განაცხადა, რომ დაახლოებით ათი დღის წინ, ირანმა დაიწყო სხვადასხვა შეტევითი ტაქტიკის გამოყენება გემების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი აზრით, არღვევენ ირანის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და დასძინა, რომ ამან ასეთ გემებზე თავდასხმების გახშირება გამოიწვია.
მათი თქმით, სტრატეგია გულისხმობს თავდასხმების როგორც ხასიათის, ასევე ინტენსივობის შეცვლას და ერთ-ერთი მიზანი აშშ-ის არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენაა.
"მიზანია აშშ-სა და მისი მოკავშირეების მცდელობების ჩაშლა, რომლებიც გლობალური ნავთობის ფასების შემცირებას ცდილობენ", - განაცხადა ორი მაღალჩინოსნიდან ერთ-ერთმა.
ოფიციალური პირების თქმით, ახალი სტრატეგიის მიღების გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზეა შეთანხმებული და სრულად კოორდინირებული იყო ქვეყნის მთელი მმართველობის სისტემის მასშტაბით.