კონფრონტაციის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური დიალოგი - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელთან ურთიერთობების აღდგენის ერთადერთი პირობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის არჩევანის პატივისცემაა.
მმართველი გუნდის შეფასებით, ლუქსემბურგში გაკეთებული ბოლო განცხადებები ადასტურებს, რომ რამდენიმე ლიდერის გარდა, ევროკავშირში ყველას ესმის საქართველოს საჭიროება. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ევროპამ შანტაჟის ენა უნდა დაივიწყოს და ქვეყნის სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ როლზე დაფიქრდეს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ევრობიუროკრატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ხედავს და მათი მხრიდან, კვლავ თავდასხმები ხორციელდება ხალხზე და მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე:
"საქართველოს მუდმივად აქვს გაკეთებული განაცხადი, რომ იგი არის აბსოლუტურად მზად თანაბარი პირობებით ესაუბროს ბრიუსელს, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ ევრობიუროკრატიისგან, კვლავ არის თავდასხმები ჩვენს ხალხზე, ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ნაცვლად კონფრონტაციისა და დაპირისპირებისა, რაც ერთმნიშვნელოვნად კონტრპროდუქტიულია, უმჯობესია დიალოგის მაგიდასთან დასხდნენ მხარეები და ის შეჯერებული დიალოგი, რომელიც ცალმხრივად ბრიუსელმა 2024 წელს შეაჩერა, თვითონვე განაახლოს. საქართველო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიესალმება დიალოგის განახლებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სუვერენიტეტის, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების პატივისცემის პირობებით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.