13 ოქტომბერი 2026,   20:05
ვრცლად
მცხეთაში "მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" აღსანიშნავი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთაში "მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" აღსანიშნავი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილა მრავალფეროვანი შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები.

მოეწყობა სანახაობითი ატრაქციები, საგამოფენო, ისტორიული, სადეგუსტაციო, ეთნოგრაფიულ-თემატური, არქეოლოგიური, საბავშვო-გასართობი სივრცეები და ფოტოზონები. ჩატარდება მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენები, საგანმანათლებლო და ქართულ წეს-ჩვეულებათა იმიტირებული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები, სახალხო შეჯიბრებები, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ასევე, დაჯილდოვდებიან მცხეთის საპატიო მოქალაქეები.

"ხვალ ჩვენთან მოსულ სტუმარს მრავალფეროვანი, შემეცნებითი აქტივობები დახვდებათ. გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა გასტრონომიული და ღვინის სადეგუსტაციო სივრცეები. ასევე, ხვალ ჩვენ გვექნება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იმიტირებული ვერსია, ფოტოზონების სტუმრობა სასახლეში და სხვა ძალიან მრავალფეროვანი თემატური და შემეცნებითი აქტივობა.

დღის ბოლოს, რა თქმა უნდა, გაიმართება გალა-კონცერტი. ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო დღე გელოდებათ ხვალ მცხეთაში, ამიტომ გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული," - აღნიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ხუნდაძემ.

დღის ამბები