მმართველ გუნდში ოთხი ოქტომბრის მსჯავრდებულების საქმეზე შეფასებები კეთდება. საუბარია მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძეზე, რომელთაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ზოგიერთმა მსჯავრდებულმა უკვე მოაწერა ხელი და აღიარა დანაშაული, ხოლო ნაწილი ამ პროცესს აკვირდება.
"ზოგიერთმა მათგანმა უკვე მოაწერა ხელი და აღიარა. ზოგიერთი მათგანი დარწმუნებული ვარ რიგში არის და აკვირდება პროცესებს. დღეს ეს ადამიანები აღიარებენ და იხვეწებიან, რომ უნდათ საპროცესო, ხოლო მეორე ნაწილი, არ ვიცი ამას, რა შეიძლება ეწოდოს, საკუთარი შვილი ეუბნებოდეს მამას, შენ პოლიტიკურად ახლა ღირებული ციხეში ხარ, შენ საპყრობილე არ უნდა დატოვოო. ხოლო, ვინც გამოვიდა და თქვა, რომ ეს იყო ცუდი და ითხოვა შენდობა და პატიება, იმ ადამიანების მიმართ პოლიტიკური თავდასხმაა.
ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს, რომ ეს ადამიანები არ იცვლებიან, მათი ზნე-ჩვევა არ იცვლება, ესენი არიან ბუნებით ძალადობისკენ მიდრეკილი ხალხი," - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების საქმის განხილვა დასრულდა. ცალკე წარმოებად გამოიყო მურთაზ ზოდელავას, გური ჟვანიას, ირაკლი ჩხვირკვიასა და ლაშა ბერიძის საქმეები.
ძალადობრივი აქციისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის ორგანიზატორებმა დანაშაული აღიარეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართეს.
მომდევნო პროცესზე მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. პროკურატურასთან შეთანხმებით ამავე საქმეზე დაკავებული 60 პირიდან ნახევარზე მეტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.