ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების ფონზე, დღეს კიევის მერი რადაში დაიბარეს. ვიტალი კლიჩკომ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას კონკრეტული ბრალდებები წაუყენა და მთავრობა დედაქალაქის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში, დაფინანსების ბლოკირებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.
დაპირისპირების მორიგი ტალღა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ვიდეომიმართვაში დედაქალაქის ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკა.
ზელენსკის თქმით, თითოეული კიეველი ხედავს, რომ ქალაქი ზამთრისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად რეალურად მოუმზადებელია.
"თითოეული კიეველი ხედავს, რომ ქალაქი რეალურად მოუმზადებელია. სამწუხაროდ, ახლა, ჯერ კიდევ ოქტომბერში, ვითარება ზოგჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე ამ ომის წინა ზამთრების დროს, არსებობს ბევრი სხვა პრობლემური საკითხიც. კიევი მდგრადობის გეგმების შესრულებაში სხვა რეგიონებს ჩამორჩება. საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებები და პროცესების დაჩქარება", - განაცხადა ზელენსკიმ.