ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს. ანგარიში ეხება გრანტების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.
დასკვნაში წერია, რომ ეს კანონები ხელს უშლის პარტიების სუვერენიტეტის დაცვას, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და ამ საკითხებზე ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის მეშვეობით.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დასკვნა იმეორებს გასულ წელს მომზადებული ანგარიშის შინაარსს, არ ახლავს იურიდიულად და სამართლებრივად დასაბუთებული არგუმენტები და მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერი ენჯეოების მისამართით ტენდენციურ მხარდაჭერას ასახავს.
"ქართულ ოცნებაში" ვენეციის კომისიას დღეს ისიც შეახსენეს რომ საქართველოს კანონი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ კომისია სცდება თავის სამართლებრივ ჩარჩოებს და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დღის წესრიგს ემთხვევა.
"მათი ფუნქცია არის, რომ სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონი ან კანონთა პაკეტი, მაგრამ ისინი პირდაპირ გადასულები არიან პოლიტიკურ შეფასებებში, რომლებიც თანხვედრაშია კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეული წევრის მიერ გაჟღერებულ - მათ შორის, უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე დაქვემდებარებულ, მაგალითად, კაპიტან გიგაურის, ე.წ საერთაშორისო გაუმჭვირვალობის პარტიულ ორგანიზაციასთან.
სამართალი, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროსაბჭოს ნებისმიერ ქვეყანაში, არის ერთი და იგივე და მიუხედავად ამისა, ისინი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით წერენ დასკვნებს.
მითითებულია, რომ თურმე პარლამენტმა არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. საოცრება ის არის, რომ რატომ არ შევუთანხმეთ, მაგალითად, კაპიტან გიგაურს, რატომ არ შევუთანხმეთ ლომჯარიას კანონპროექტები, რატომ არ ავიღეთ წინასწარი თანხმობა? დაახლოებით ეს ისეთი ვარიანტია, რომ მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულის ან ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები შევუთანხმოთ წინასწარ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებსა და ნარკორეალიზატორებს? აი, ამ აბსურდამდე არის მისული ვენეციის კომისია," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.