14 ოქტომბერი 2026,   03:10
ვრცლად
სავაჭრო გემებსა და ტანკერებზე თავდასხმების სერია შავ ზღვაში - რას აცხადებენ ბულგარეთისა და რუმინეთის მთავრობები მომხდართან დაკავშირებით

განგაშის სიგნალი ვარნის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრში, ღამის პირველ საათსა და 30 წუთზე შევიდა, ქვეყნის აკვატორიაში მოძრავი გემის ეკიპაჟი გადარჩენას ითხოვდა.

დაზიანებულ ხომალდთან მალევე მობილიზდნენ საზღვაო პოლიციის კატარღები, ევაკუაციას ზედამხედველობას და კოორდინაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევდა. დაშავებულ მეზღვაურებს პორტში სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადები დახვდნენ. ცნობილია, რომ გემ "Chelsea 3-ის" ეკიპაჟის 15 წევრიდან 5-მა დაზიანება მიიღო, ხომალდის კორპუსს და გემბანს სამი დრონი მოხვდა.

შავ ზღვაში სავაჭრო გემებსა და ტანკერებზე თავდასხმების სერიაზე საუბრობენ ბულგარეთისა და რუმინეთის მთავრობები.

მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში, რუმინეთის სანაპიროსთან და ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე დრონებით რამდენიმე თავდასხმა მოხდა. სამიზნე ხუთი გემი გახდა, სამი ხომალდი ჩაიძირა. დაიღუპა ორი ადამიანი, 22 მეზღვაური კი დაკარგულად ითვლება. ამ ფონზე,ოფიციალურმა სოფიამ ნატოს და ევროკავშირს გამოძიებაში დახმარების და ტექნიკური მხარდაჭერის მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე მიმართა.

სოფიას თხოვნას ბრიუსელიდან უპასუხეს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გამოძიების მხარდასაჭერად ბულგარეთს სატელიტურ კადრებს აწვდიან. თუმცა, "ევრონიუსის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ევროკავშირს ბულგარეთის საზღვაო სივრცის დასაცავად საკმარისი სამხედრო და ტექნიკური რესურსი არ გააჩნია.

შავ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. საკითხზე მარკ რუტე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

ინციდენტებს სოფია მოსკოვს უკავშირებს. დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ მოსკოვიდან ინციდენტებზე ინფორმაცია არ მიუღია, სავაჭრო გემებზე თავდასხმები კი „მესამე მხარის პროვოკაციას“ უკავშირდება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები