ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ბერლინისა და ვარშავის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, 300-ამდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.
გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე საქართველოს სამთო კურორტები, მრავალფეროვანი ბუნება და კულტურული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.
ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, გარე რეკლამასთან ერთად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთსა და გერმანიაში ტურისტული როუდშოუების სერია გამართა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე აცხადებს, აღნიშნული კამპანია ემსახურება, როგორც ცნობადობის ამაღლებას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში ვიზიტორების ზრდას.
"გერმანიასა და პოლონეთში, ყველაზე მსხვილ ქალაქებში 300 ლოკაციაზე მიმდინარეობდა გარე რეკლამა, სადაც საქართველოს განსაკუთრებული ხედები იყო წარმოჩენილი. აღნიშნული კამპანია, რა თქმა უნდა, ემსახურება, ერთი მხრივ ცნობადობის ამაღლებას, მეორე მხრივ, კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობას, ეს ყველაფერი აკუმულირდება იმ ვიზიტორების და შემოსავლების ოდენობაში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქართველოში უცხოეთიდან შემოდის," - აცხადებს მაია ომიაძე.