14 ოქტომბერი 2026,   14:12
ვრცლად
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული დიზელის საწვავის შეთანხმება ძალიან სარისკო ნაბიჯია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმება "ძალიან სარისკო ნაბიჯია". მისი განმარტებით, ეს ეწინააღმდეგება იმ მცდელობების გაძლიერებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება უნდა აიძულოს. ინფორმაციას Reuters-ი წერს.

მედიის ცნობით, გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც მოსკოვი თავდაპირველად ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს მიაწვდის.

"ამ გადაწყვეტილების შედეგები გაურკვეველია, რისკები კი აშკარაა," - განუცხადა მელონიმ იტალიის პარლამენტს ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი.

"ეს მოსკოვს ლეგიტიმაციას ანიჭებს, მაშინ როცა მისი ბომბები უკრაინის ქალაქებზე ცვივა. ეს ომის დასაფინანსებლად ახალ შემოსავალს უზრუნველყოფს და ირიბად ამცირებს სანქციების ეფექტურობას," - აღნიშნა მელონიმ.

შეთანხმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეერთებულ შტატებში ენერგომატარებლების ფასების შემცირებას გამოიწვევდა - ენერგომატარებლების მაღალი ფასები რესპუბლიკური პარტიისთვის სერიოზულ პოლიტიკურ საკითხად იქცა შუალედური არჩევნების წინ, რომლის შედეგებზეც კონგრესის კონტროლია დამოკიდებული.

მეტონიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა დანიშნოს "ავტორიტეტული ფიგურა", რომელიც ევროპის სახელით რუსეთ-უკრაინის ომზე მოლაპარაკებებს წარმართავს, და ამასთან, არ გამორიცხავს "E3 ჯგუფისთვის" ფორმალური მანდატის მინიჭებას, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედიან.

"თუ საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი თვლიან, რომ ინდივიდუალურად მეტს მიაღწევენ, ვიდრე ჩვენ ერთად - და სწორედ ეს არის მათი არჩევანი, რომელიც მათ აქამდე გააკეთეს - მაშინ, მათ, სულ მცირე, ყველა ჩვენგანის სახელით და ფორმალური მანდატით უნდა იმოქმედონ“, - განაცხადა მელონიმ.

დღის ამბები