საქართველოში ევროკავშირის ელჩი ისევ თავს არიდებს შეკითხვას ვინ არიან "თვითნებურად დაკავებულები", რომელთა გათავისუფლებას ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციითაც ითხოვს. შეკითხვები დიდი ხანია არსებობს, თუმცა პაველ ჰერჩინსკის ეს სია არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაუგზავნია.
ევროპარლამენტარების ნაწილმა, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის გასამართლებული პაატა ბურჭულაძისა და ძალადობრივ აქციებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების გათავისუფლება სტრასბურგიდან მოითხოვა, მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციის გუშინდელ აქციასაც.
ევროკავშირის ელჩის დუმილი, "ქართული ოცნებისთვის" მორიგი დასტურია, რომ ევროპელ ბიუროკრატებს არ აქვთ ფაქტები და არგუმენტები, მიღებული რეზოლუციები კი მხოლოდ აღქმებსა და სიცრუეზეა დაფუძნებული.
"ძალიან კარგად იციან თვითონ, რომ ამ "თვითნებურად დაკავებულებში" იგულისხმება ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. მაგალითად, "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა პოლიციელზე, მაგალითად შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, პრეზიდენტის სასახლეზე, პოლიციელებზე თავდასხმა და დაზიანება და შესაბამისად, რომ რომ დაასახელონ კონკრეტული პირები, უნდა დაასახელონ კონკრეტული დამნაშავეები, რაც მათ პოლიტიკურად, მხოლოდ პოლიტიკურად არ აწყობთ", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.