29 ნოემბერი 2026,   22:33
ვრცლად
წმინდა მიწა და ქართველების მიერ შესრულებული ქართული საგალობლები - ანსამბლ "სულიკოს" კონცერტი იერუსალიმში გიორგობას, 23 ნოემბერს ჩატარდა

წმინდა მიწაზე ქართველების მიერ შესრულებული ქართული საგალობლები განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო, როგორც სტუმრებისთვის, ისე მასპინძლებისთვის. მაცხოვრის წამებისა და აღდგომის საკრალურ ადგილას ქართული საგალობლები განსაკუთრებით ემოციურად ჟღერდა.

ისრაელში, საქართველო ანსამბლმა "სულიკო" ჩაიტანა. კონცერტამდე იერუსალიმის სიწმინდეები მოინახულეს და ქართული საგალობლები ააჟღერეს. განსაკუთრებით ემოციური ჯვრის მონასტრის კედლებში, შოთა რუსთაველის ფრესკასთან შესრულებული "შენ ხარ ვენახი იყო".

კონცერტი იერუსალიმში გიორგობას, 23 ნოემბერს ჩატარდა. საღამო ორი ერის 26 საუკუნოვან ურთიერთობებს მიეძღვნა. თავდაპირველად შესრულდა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო ჰიმნები.

"სულიკო" ყველაზე ამაღელვებელი მოსასმენი იმ ქართველებისთვის იყო, რომლებიც წლებია ისრაელში ცხოვრობენ.

მათთვის ეს მხოლოდ კონცერტი არ ყოფილა, ეს იყო შეხვედრა სამშობლოსთან, მის მუსიკასთან და კულტურულ ფესვებთან. ისრაელში გამართული კონცერტი ქართული კულტურის, უნიკალური მრავალხმიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობის წარმოჩენის შესაძლებლობადაც იქცა. მუსიკამ სცენის ფარგლები გადალახა და წმინდა მიწაზე ქართული სულიერება, ისტორია და კულტურა გააცოცხლა.

მუსიკას, ალბათ, ყველაზე მძაფრად შეუძლია გააერთიანოს ადამიანები, გააცოცხლოს მოგონებები და ერთმანეთთან დააახლოოს განსხვავებული კულტურისა და ისტორიის მქონე ერები.

ქართული ჰანგები განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა შოთა მუსაევისთვის - ქართველი ებრაელი ექიმისთვის, რომელმაც 2026 წლის ოქტომბერში ისრაელის პრეზიდენტისგან სამოქალაქო გმირობისთვის უმაღლესი ჯილდო მიიღო. იერუსალიმში აჟღერებულმა ქართულმა სიმღერებმა მას კიდევ ერთხელ გაახსენა დედა სამშობლო, საქართველო, რომლის კულტურასთან და ფესვებთან კავშირიც თაობებს გადაეცემა და არასოდეს წყდება.

იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც სამი დიდი რელიგიის, კულტურისა და ისტორიის გზაჯვარედინია, აჟღერებულ ქართულ ჰანგებს განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა. ეს ემოცია მხოლოდ ქართველი ებრაელებისთვის არ ყოფილა გამორჩეული. ქართული მუსიკის ძალა დარბაზში შეკრებილ თითოეულ მსმენელს აერთიანებდა. ამას დარბაზის რეაქცია და ხანგრძლივი აპლოდისმენტებიც ადასტურებდა.

ორი ათეული წელია, რაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების მიერ შექმნილი ანსამბლი "სულიკო" ქართულ მუსიკალურ ტრადიციებს აცნობს მსმენელს. იერუსალიმში გამართული კონცერტი საქართველო-ისრაელის მეგობრობის კიდევ ერთ გამოხატულებად იქცა - კავშირის, რომელსაც დრო და მანძილი ვერ ასუსტებს.

იერუსალიმის თეატრის ჰენრი კრაუნის საკონცერტო დარბაზში ანსამბლმა მუსიკალური ნომრები ქართველ პიანისტთან ნათია ქავთარაძესთან ერთად შეასრულა.

კონცერტის პირველი ნაწილი საოპერო არიებს დაეთმო, მეორე ნაწილში კი, წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი. ქართული მრავალხმიანობა მსმენელმა განსაკუთრებული მოწონებით მიიღო, რასაც ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

იერუსალიმში გამართული საღამოს ორგანიზატორი ისრაელში საქართველოს საელჩო და ქართველი ებრაელი რაფი ელუაშვილი იყვნენ. საღამოს 28 ქვეყნის ელჩი დაესწრო.

ქართულ-ებრაული მეგობრობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, მათ გულებში ცოცხლობს, ვისაც ორი სამშობლო და ერთი საერთო ნატვრა აქვს - მშვიდობა, სიკეთე და ბედნიერი მომავალი ორივე ქვეყნისთვის.

დღის ამბები