შერჩევითი მეხსიერება - პოლიტიკური ტაქტიკა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ სავიზიტო ბარათად აქცია. პარტია, რომლის მმართველობის ანგარიშზეც სისტემური დანაშაულებია: ციხეებში წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები… ფაქტები და უმძიმესი ისტორიები "ნაციონალური მოძრაობისთვის" დღეს უბრალოდ ფანტასტიკის ჟანრია და როცა სააკაშვილის პარტიას ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში უწევს, საკუთარი წარსულისგან დისტანცირებას ირჩევს. თუმცა, პოლიტიკური ამნეზია სამართლებრივი არგუმენტი არ არის.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და მეთვრამეტე სხდომა გამონაკლისი არ ყოფილა. პარტია, რომელიც ევროსაბჭოს 2008 წლის სადავო რეზოლუციის მხარდამჭერია, ისევ ამტკიცებს, რომ ომის საკითხზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ. პოლიტიკურ ამნეზიას ფაქტებს უპირისპირებს მმართველი გუნდი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები, სააკაშვილის პარტიას ახსენებენ, რომ სწორედ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერითა და მტკიცებულებების, მათ შორის რუსული "ისკანდერის" ნაწილების დამალვით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობამ ქვეყნის ინტერესები დააზიანა.
სააკაშვილის პარტიის წარსულის რედაქტირებას ანა წითლიძე ჯერ სხდომათა დარბაზში, შემდეგ კი დარბაზს მიღმა ცდილობდა. იმის მიუხედავად, რომ ფაქტები ჯიუტია, წითლიძემ უმძიმეს საქმეებთან "ნაციონალური მოძრაობის" კავშირი ისევ უარყო. ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ დადგენილ სისტემური დანაშაულის ფაქტებს კი ფანტასტიკის ჟანრი უწოდა.
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე, ლაფანყურისა და ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციები - კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე, ანა წითლიძემ ეჭვქვეშ ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დააყენა. მან საქმის ისე წარმოჩენა სცადა, თითქოს სერგო თეთრაძე არ უწამებიათ.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები პოლიტიკურ უტიფრობად ფასდება "ქართული ოცნების" გუნდში. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აცხადებენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დამოკიდებულებებს საზოგადოება სხდომებზე კარგად ხედავს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ წარსულის სისტემური დანაშაულების უარყოფა ოპოზიციურ პარტიას შედეგს ვერ მოუტანს. მათი თქმით, სერგო თეთრაძის წამების ფაქტის გარდა, პარტიის წინააღმდეგ სხვა არაერთი მძიმე დანაშაულის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს.
წითლიძე გაბათილებულს უწოდებს, ფაქტები კი სულ სხვა რეალობას აჩვენებს - წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვლილი სერგო თეთრაძის საქმეზე მტკიცებულებებითა და ჩვენებებით დადგინდა, რომ 2011 წელს ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკი ჯერ სამხედრო პოლიციის შენობაში, შემდეგ კი გლდანის მერვე დაწესებულებაში არარსებულ დანაშაულზე, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით სასტიკად სცემეს. სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
როგორ დასრულდება და რას აჩვენებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი? ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვა ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა. მმართველი გუნდის განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ისახავს სარჩელი, რომელიც ხუთ ოპოზიციურ სუბიექტს მიემართება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომები ქართულ საზოგადოებას ოპოზიციის რეალურ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 30 ნოემბრიდან განახლდება. პროცესი ამჟამად პაექრობის ეტაპზეა, რის შემდეგაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა პლენუმს, დასკვნითი სიტყვით უნდა მიმართონ.